თეგი: ალი ქაან ორბაი

თურქეთის ელჩი: საქართველო ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც დახმარებაზე თხოვნას სწრაფად უპასუხა

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. შესაბამისი განცხადება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ გააკეთა. „ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

თურქეთის ელჩმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 2024 წლისთვის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა. „ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს. თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუციაზე და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილ დახმარებაზე. შეხვედრისას თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი და მესამე მდივანი სულთან ალაილი დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასევე გამართა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან 13 თებერვალს გამართა.